ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს გულის შეტევა ჰქონდა და ახლა ჩაფიძის კლინიკის რეანიმაციაშია. ამის შესახებ On.ge-ს აბესაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ის სასამართლომ, დღეს, 26 დეკემბერს, პატიმრობაში დატოვა.

"დღეის მდგომარეობით ოთარ აბესაძე არის ქართული ოცნების მძევალი, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ის იყო მათი მხარდამჭერი და დღეს ისჯება იმიტომ, რომ არის მათი აქტივისტი. რეალურად, ყველამ გაწირა ეს ადამიანი და ებრძვის სიცოცხლეს. ამ წუთში მიმდინარეობს ბრძოლა, რომ ეს ადამიანი ფიზიკურად გადარჩეს," - უთხრა ირმა ჭკადუამ On.ge-ს.

თბილისის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 ივლისს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების, სამი ათასი დოლარის სანაცვლოდ, აღებას დაჰპირდა.