თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და მას სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული ყოფილი სამართალდამცავების ვადამდე ადრე გათავისუფლებას.

სასამართლომ სააკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით. მასვე ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება და შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა. პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა სასამართლომაც.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა და ადვოკატებიც აიცილა, რის გამოც მას დაენიშნა სახაზინო ადვოკატი.

სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რადგან ის გასამართლდა იმ უფლებამოსილების განხორციელებისთვის, რაც როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული.