საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო სისტემის მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების განათლების უფლების რეალიზების შესახებ წინადადებით მიმართა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას. ამიტომ, მოუწოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უზრუნველყოს საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულ და მის მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა სტატისტიკის წარმოება და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა. ასევე, შეიმუშაოს სკოლის მიტოვების პრევენციის სტრატეგია და განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენის მექანიზმი, აღმოფხვრას შშმ ბავშვთა სასკოლო განათლების მიღმა დარჩენის რისკების გამომწვევი ფაქტორები და დახვეწოს რეფერალური მექანიზმი.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, აუცილებელია, სამინისტრომ უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურების, დირექციისა და პერსონალის ინფორმირება შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით და განახორციელოს ამ პროცესის მონიტორინგი.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, შშმ ბავშვების შესახებ დიფერენცირებული სტატისტიკური მონაცემების არქონა, სასკოლო განათლების მიღმა დარჩენილი და გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი შშმ ბავშვების მოძიების, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების ეფექტური მექანიზმის და მიტოვების პრევენციის სტრატეგიის არარსებობა, უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაცია, ტრანზიციის პროცესის არაეფექტურად წარმართვა, სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის ინფორმირების დაბალი დონე, არაადაპტირებული საგანმანთლებლო სივრცე, გეოგრაფიულ მისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები.