თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, ღამით, ქარის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა გამგებლებს ზარალის შესწავლა დაავალა.

"ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში, გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც - გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული. საცხოვრებელ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ასევე, უმოკლეს დროში შემუშავდეს კონკრეტული გეგმები, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია", - მიმართა კახა კალაძემ გამგებლებს.

გვიან ღამით თბილისში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე შენობა დაზიანდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, დეტალურ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია გაავრცელებს.