სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კრისტალბეთის სარეკლამო პოსტერი სექსისტური შინაარსისაა და საზოგადოებაში ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ქალი სექსუალურ კავშირზე მარტივად თანხმდება. პოსტერზე გაკეთებულია წარწერა - "სლოტები რომელიც იძლევა", გვერდით კი გამოსახულია ქალი.

ომბუდსმენის თქმით, ბიზნესსექტორს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს თანასწორობის პრინციპის დაცვას:

"პროდუქტის გაყიდვის მიზნით გამოყენებულ სექსისტურ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ რეკლამას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, რამდენადაც რეკლამის მიზანია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზით მისი დარწმუნება, შეიძინოს პროდუქტი".

სახალხო დამცველი კომპანის მოუწოდებს, შეცვალოს სარეკლამო პოსტერი იმგვარად, რომ იგი არ ახალისებდეს ქალთა ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას და მომავალში სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.