საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფრაქცია ქართული ოცნება ახალ საკანონმდებლო პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელსაც "გირგვლიანი შესწორება" უწოდა.

მისი თქმით, ქართული ოცნება საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლის არამხოლოდ მართლმსაჯუება აღასრულოს, არამედ შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები "გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად".

"ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას - ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი", - განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, გირგვლიანის მკვლელობიდან 12 წლის თავზე, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა:

"მან სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას, საზოგადოების რეაქციას წარმოუდგენელ უსამართლობაზე პოლიტიკური ცირკი უწოდა. სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი".

მდინარაძის განმარტებით, გიორგი მარგველაშვილი წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ სააკაშვილი შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა.

"ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალდებების საქმეზეც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა".