საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნავენ შსს-ში.

როგორც უწყებაში ამბობენ თებერვლის პირველი ხუთი დღის განმავლობაში საქართველოში სულ რვა პირია დაკავებული. მათგან ბათუმში - 1, თბილისში - 2, გორში - 1, კახეთში -1, მცხეთა-მთიანეთში - 3. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია 1 არასრულწლოვანი.

ბრალდება, რომელიც დაკავებულებს აქვთ წაყენებული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.