თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. მას 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დეკანოზი გიორგი მამალაძე პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრო მსჯავრდებული.

ე.წ. ციანიდის საქმე სააპელაციოში დახურულ სხდომებზე განიხილებოდა. დახურული სხდომა ნიშნავს, რომ საქმეში მონაწილე პირების, ან მათი წარმომადგენლების გარდა სხდომებს ვერავინ დაესწრო. გარდა ამისა, მედიისთვის კვლავ უცნობი რჩება განხილვისას დაყენებული შუამდგომლობები და მტკიცებულებები. ამ პირობებში მიმდინარეობდა საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, სსკ-ის 18,108-ე მუხლით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ისე პროკურატურამ. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენს მოტივის ნაწილში გაასაჩივრა. უწყება მიიჩნევს, რომ მკვლელობის მომზადებისას შურისძიების მოტივთან ერთად, გიორგი მამალაძეს ამოძრავებდა ანგარების მოტივი.