ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებით დაირღვევა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ამის შესახებ ჰამსმა ჩაბუქთან ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვიცი, რომ თურქეთსა და საქართველოს დიდხნიანი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. არ ვამბობ, რომ ასეთი ურთიერთობის საჭიროება არაა საჭირო, თუმცა კარგი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მსხვერპლად შეწირვა საჭირო არაა. საქართველომ, როგორც დემოკრატიზაციის პროცესში მყოფმა ქვეყანამ, არ უნდა დააზიანოს თავისი რეპუტაცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებით", - განაცხადა ჰარმსმა.

როგორც მან აღნიშნა, ის შეშფოთებულია, რომ ჩაბუქი ისევ ციხეშია და არ ენდობა წაყენებულ ბრალდებებს.

"რაც უფრო მეტს ვსაუბრობ მის მეგობრებთან, კოლეგებთან და მისი მოსწავლეების მშობლებთან, ვრწმუნდები რომ ის მასწავლებელია და არა ტერორისტი... ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში მხოლოდ მასწავლებელი არ ყოფილა. ის საქართველოში ჩამოვიდა 2008 წელს რუსეთთან ომის დროს. ომის შემდეგ მან დემირელის სკოლაში თავშესაფარი მოაწყო და დაამტკიცა, რომ უბრალოდ კარგი მასწავლებელი კი არა, არამედ საქართველოსა და საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობარია", - თქვა რამსმა.

მას მიაჩნია, რომ ჩაბუქის პერსონალურ და პროფესიულ საქმიანობაში ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც რეჯეპ ტაეპ ერდორანის ხელისუფლებისგან უნდა იყოს დაცული.

"ძალიან ბევრს ვმუშაობ თურქეთში შიდა განვითარებაზე. ვფიქრობ, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში გადაგზავნის შემთხვევაში მას პირდაპირ ციხეში ჩააყუდებენ და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ მიეცემა. თურქეთში, ადამიანებს, რომლებსაც გიულენისტებად მოიხსენიებენ, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეზღუდული აქვთ", - აღნიშნა მან.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თურქეთის მოთხოვნით, თბილისში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მეორე დღეს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.