ბერლინალეს კინოფესტივალის ფარგლებში მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, დათო ტურაშვილის რომანს გაეცნობიან. Co-Production Market-ის სექცია Books at Berlinale-ზე ქართული წიგნი პირველად წარდგება. დათო ტურაშვილის რომანს სხვა ამსტერდამი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 19 თებერვალს წარადგენს.

ბერლინში გამართულ ღონისძიებას დათო ტურაშვილიც დაესწრება.

Books at Berlinale ბერლინალეს კინოფესტივალისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი პროექტია. აღნიშნულ ფორმატში ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ასობით სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურული ნაწარმოები იგზავნება, სპეციალური ჟიური კი მხოლოდ 12 საუკეთესოს არჩევს.

მიმდინარე წელს კონკურსში განაცხადების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 30 ქვეყნის 150 განაცხადიდან საუკეთესო წიგნები საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან შეირჩა.

სხვა ამსტერდამი 2015 წელს ბაკურ სულაკაურმა გამოსცა. მასში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბები და ავტორის ამსტერდამული შთაბეჭდილებაა მოყოლილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება.