"კახი კალაძეც უშვებს ძალიან ტრადიციულ, ფუნდამენტურ შეცდომას, მსგავსად ივანიშვილისა და ქართული ოცნებისა, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას განსაზღვრავს ხელისუფლება". - ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

"ხელისუფლების ვალდებულებაა ესაუბროს ოპოზიციას მათ შორის მათ, რომელიც არ მოსწონთ იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტა ხალხმა. თუ ამას ვერ გაიგებს თბილისის მერი მას ძალიან გაუჭირდება რომ დემოკრატიულ ჩარჩოში რეალურად წარმოადგენდეს მთლიანად თბილისს და არა ქართულ ოცნებას. ჩვენ, ევროპული საქართველო ვართ შედეგზე ორიენტირებული ოპოზიცია. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ვიყოთ და მათი სატკივარი მივიტანოთ, მაგრამ აქ გადამწყვეტი არის შედეგი, რამდენად ეს ხალხის დაკვეთა იქნება ასრულებული და მიღებული ქართული ოცნების მხრიდან." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ მივიდა მისი მოადგილე, სოფიო ხუნწარია საკრებულოში ოპოზიციასთან შესახვედრად. კალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული, მარგინალური ძალაა და მათთან თანამშრომლობას არ აპირებს. თუმცა, აზუსტებს, რომ ევროპულ საქართველოსთან თანამშრომლობს.

ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საკრებულოს ოპოზიცია ითხპვს დედაქალაქის მერის მოადგილე სხდომაზე მივიდეს. თუმცა, სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდნენ.