ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, ფიზიკური ძალადობა ორსულობის დროს 15 ათასამდე ქალს განუცდია. ეს იმ ქალების 2 პროცენტია, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად.

ფეხმძიმობის დროს ძალადობის მსხვერპლი ქალების მესამედზე მეტი (37%) აღნიშნავს, რომ მისთვის მუცელში ჩაურტყამთ მუშტი ან წიხლი.

"იმ ქალების 64 %, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებ­და. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძა­ლადობა ორსულობის დროს გამწვავდა", - ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის სხვა მიგნებები:

  • იმ ქალების დაახლოებით 14-მა პროცენტმა, ვისაც ოდესმე ჰყოლია მეუღლე/პარტნიორი, განა­ცხადა, რომ განუცდია ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა მეუღლის/ ინტიმური პარტნიორის მხრიდან;
  • 6%-მა განაცხადა, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან განუცდია ფიზიკური ძალადობა, ხოლო 2%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა;
  • ქალთა თითქმის 10%-ს გამოუცდია რაიმე სა­ხის ეკონომიკური ძალადობა მეუღლის/პარ­ტნიორის მხრიდან.

კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევა 2017 წელს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6 006 ქალი და 15-64 წლის 1 601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა.