ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, 15 საათზე ქალთა მოძრაობა იუსტიციის სახლთან გამართავს აქციას, რასაც ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას მიუძღვნიან.

ქალთა მოძრაობა ითხოვს სახელმწიფომ აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში.

ისინი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს სთხოვენ გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე.

"ტრანსგენდერ ქალებს დღეს მწვავე პრობლემები აქვთ, მათ ხშირად ესხმიან თავს და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმეტესობა განდევნილია საკუთარი ოჯახიდან. მათ თითქმის არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სამართლდამცავებისაგან, ექიმებისა და სხვა იმ პროფესიის ადამიანებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაეხმარონ მათ", - წერია მოძრაობის განცხადებაში.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურა. ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკა ისე განვითარდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სამედიცინო ცნობას, იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანმა უკვე გაიარა სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაცია.

ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ სახელმწიფოსგან ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სტერილიზაციის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა.