არასამთავრობო სექტორი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 118 ორგანიზაცია აწერს.

განცხადების მიხედვით, ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ.

"საქართველოში არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ქალთა წარმომადგენლობას ხელს არ უწყობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე დროულად განიხილონ.

"პროპორციულ სიაში გენდერული კვოტების დაწესება დროებითი მექანიზმია პოლიტიკაში ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის მისაღწევად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საკანონმდებლო ინიციატივა გენდერული კვოტების შესახებ

მარტიდან, პარლამენტში გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება. ინიციატივა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა დაარეგისტრირა. კანონპროექტს მხარს 37 000-ზე მეტი მოქალაქე ხელმოწერებით უჭერს.

ცვლილებების პროექტი საპარლამენტო არჩევნებში სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას გულისხმობს. კანონპროექტი პროპორციული სიით წარდგენილ კანდიდატთა სიებისთვის 50 პროცენტიან კვოტას აწესებს, რაც ნიშნავს, რომ პროპორციულ სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატიდან 38 იქნება ქალი, რაც პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის მხოლოდ 26 პროცენტია (პარლამენტის 150 წევრს შორის 38 ქალი). კანონპროექტი არ ვრცელდება მაჟორიტარულ საარჩევნო სიაზე.