საპატრიარქოს განცხადებით, ნიკა გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მიტროპოლიტმა ვახტანგმა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ამას ადასტურებს მიტროპოლიტი ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

15 მარტს, ხუთშაბათს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

საპატრიარქოს განცხადებით, შაბათის კურიერის პრომოში გავრცელდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა ილია II-ის ინიციატივით შედგა, რაც მათივე თქმით, არასწორია.

განცხადების მიხედვით, ნიკა გვარამიას მიზანი იყო, ეთქვა ილია მეორისთვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქმა გვარამიას უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი [გვარამიას] ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.

ნიკა გვარამიამ დღევანდელ შაბათის კურიერშივე განმარტა რომ მას არ უთქვამს, თითქოს ილია მეორემ დაიბარა:

"ეს იყო საერთო სურვილი, მე არავისთვის მითხოვია, გინდათ თუ არა უნდა მიმიღოთ, თქო. მე მზად ვარ ყოველთვის პატრიარქთან შესახვედრად. მე პატრიარქის მრევლი ვარ და არასოდეს მქონია იქ მისვლის პრობლემა".

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს დაიცავს. ამ საკითხზე ის ციხეში დეკანოზსაც შეხვდა.