ოკუპირებული ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. ამის შესახებ შსს-ს წარმოამდგენელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა ერგნეთში.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს, რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წითელი ჯვრის მისიის დახმარებით გადასცეს.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში On.ge-ს განუცხადეს, რომ ცხედარს ჯერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც გადაასვენებენ ოჯახში, წილკანში.

ერგნეთის საგუშაგოზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე. ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი. ადგილზე ჩავიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ტატუნაშვილის საქმე

ოჯახი უკვე 26 დღეა ელოდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დე ფაქტო ხელისუფლებისგან. ტატუნაშვილი თითქმის ერთი თვის წინ, 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, ის იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებდა, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ პოზიცია შეცვალა. ერგნეთის მოლაპარაკებების ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარემ ქართულ მხარეს განუცხადა, რომ ცხედარს მანამ ვერ გადმოსცემდნენ, სანამ რუსეთის ექსპერტიზის ბიუროდან პასუხს არ მიიღებდნენ.

გაიგეთ მეტი:

PACE-ს თანამომხსენებლებმა ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვაზე შეშფოთება გამოთქვეს
აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსულ მხარეს, ტატუნაშვილზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს
ბრიტანეთის საელჩო ტატუნაშვილზე: ეს ხაზს უსვამს საფრთხეებს, რაც კონფლიქტებითაა გამოწვეული