საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა ისევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საჭიროა, ერთი მხრივ, ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, საგამოძიებო ორგანოსათვის შეტყობინების ეფექტური მექანიზმის დანერგვა და, მეორე მხრივ, არსებული სხვადასხვა სარისკო პრაქტიკის აღმოფხვრა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსების პრაქტიკა.

"დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას დაწესებულების თანამშრომლების მულტიდისციპლინური გუნდი რისკების შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, პროცესში არ ერთვება. პატიმრებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, არ მიეწოდებათ ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები", - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, პრობლემაა დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო და პირობები.

"ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი", - ნათქვამია ანგარიშში.

შესრულებული არ არის სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად 24 საათი უნდა განსაზღვრულიყო.

"დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსება შესაძლოა იყოს მხოლოდ იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა მიმართოს სხვა ზომებს, მათ შორის, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ პატიმრისათვის ადეკვატური დახმარების გაწევის გზას", - ნათქვამია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში.