ერაყელმა, სირიელმა, ეგვიპტელმა და უკრაინელმა ქალებმა, რომლებსაც საქართველომ თავშესაფარი მიანიჭა, ნაციონალურ კერძები მოამზადეს და კათარზისში მცხოვრებ მოხუცებს გაუმასპინძლდნენ.

საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ.

ამ აქციით, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ქალებმა გამოხატეს მადლიერება იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ისინი თბილად მიიღო და შეიფარა.

საერთაშორისო დაცვის მქონე ქალები საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ჩართულები არიან ინტეგრაციის ცენტრის პროგრამებში, შეისწავლიან ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ეცნობიან კულტურასა და ტრადიციებს.

როგორც თავად ამბობენ, სურთ გამოხატონ პატივისცემა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და სწამთ, რომ მათაც შეუძლიათ საზოგადოებას გარკვეული სარგებელი მოუტანონ, რასაც მსგავსი აქციები მოწმობს.

ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ქალები, თავშესაფრის მაცხოვრებლების გარდა, იმ ადამიანებსაც გაუმასპინძლდნენ, რომლებიც კათარზისში სადილობენ. კათარზისში მუდმივად 15 ადამიანი ცხოვრობს, 310 კი ყოველდღიურად სადილობს.