თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ-ს თანამშრომელმა ივა კავსაძემ, რომელსაც აუდიტორია 115 ე.წ. ოდეერობაში ადანაშაულებდა, თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. On.ge-სთან საუბარში თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შიდა აუდიტმა კავსაძის უშიშროების სამსახურთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტები ვერ აღმოაჩინა, თუმცა კავსაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

სწორედ ივა კავსაძის მიერ თანამდებობის დატოვება, მოახლოებული აკადემიური საბჭოს, კანცლერისა და რექტორის არჩევნები იყო გუშინ, 5 მაისს, აუდიტორია 115-სა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დარეჯან თვალთვაძის შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა.

როგორც აუდიტორია 115-ის წარმომადგენელმა, გიორგი არობელიძემ On.ge-სთან საუბარში განმარტა, შეხვედრაზე თვალთვაძემ განაცხადა, რომ კანცლერსაც და რექტორსაც საფაკულტეტო აკადემიური საბჭო აირჩევს.

არობელიძის თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა თავად რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არაფერი უთქვამს.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ თსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები 11 მაისს ჩატარდება. რაც შეეხება კანცლერის არჩევნებს, მათი თქმით, კანცლერობის კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 13 მაისამდე გაგრძელდება, 10 ივნისამდე კი აკადემიური საბჭო არჩეულ კანდიდატს სენატს წარუდგენს.