საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე.

კვლევის მიხედვით, ევროპაში არსებული უკუსვლის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ "უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი ავტორიტარიზმის რისკის წინაშე დგანან".

ანგარიშის მიხედვით, რეგიონის ბევრ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არჩეულ თანამდებობებზე არ არიან და მათ ყოფილ სტატუსებს იყენებენ.

"არაფორმალური მმართველობა: კაცები ფარდებს მიღმა" - ასე ჰქვია ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საქართველო და ბიძინა ივანიშვილია ნახსენები.

ანგარიშში ვკითხულობთ:"მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ ქართული ოცნების პარტიაზე, რომელიც მისი კერძო კომპანიების თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და დედაქალაქის განვითარების გეგმები ბუნდოვანს ხდის ქართულ პოლიტიკას".