საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაკეში 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიზეზები მედიას განუმარტა.

მარგველაშვილის განცხადებით, საზოგადოება შეძრწუნებულია ფაქტით, რომელიც თბილისში მოხდა და ამას კიდევ უფრო ამძიმებს ის მოვლენა, რომ ბრალდებული პრეზიდენტმა შეიწყალა.

"საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად. საზოგადოება ამ მოვლენის ახსნას ითხოვს და ჩვენ მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც შეწყალების კომისიამ ბრალდებულის შეწყალების გადაწვეტილება მიიღო.

"მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგან აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნებოდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ იყო მითითებული რაიმე სულიერლი აშლილობის თაობაზე. საქმეს თან ერთვოდა აღიარება და ფაქტის აღწერა, რომ ოთხი შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ ამ თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს მათთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო.

"კომისიამ სრული გათავისუფლების თაობაზე მომმართა და მე სასჯელი გავანახევრე. რომც არ გამენახევრებინა, 6-7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული კალენდარულად სასჯელს მაინც მოიხდიდა", - განმარტავს პრეზიდენტი.

მისი თქმით, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამავე თემაზე: