ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდმა გამოცემამ, Resident Advisor-მა ივენთების ახალი სერია - 24/7 დააფუძნა. ივენთები მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქალაქში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. შერჩეულ ქალაქებში მოხვდა თბილისიც. თბილისში ღონისძიებას კლუბი BASSIANI და მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL უმასპინძლებს.

Resident Advisor-ის მიერ დაფუძნებული ივენთების სერია 24/7, ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანში, ბოგოტაში, მელბურნში, ბერლინში და თბილისში ჩატარდება. წამოწყება უპრეცენდენტოა და მოიცავს ლაივ კონცერტებს, კინოჩვენებებს, ვორკშოპებს, ინსტალაციებსა და დისკუსიებს. როგორც გამოცემის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, აღნიშნული ივენთებისთვის მსოფლიოს გამორჩეული და ყველაზე საინტერესო კლუბები შეირჩა.

ეს კლუბ ბასიანისა და Resident Advisor-ის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არაა. 2017 წლის თებერვალში ბასიანმა გამოცემის მიერ დაფუძნებული ოთხი ივენთი ჩაატარა. ახალი 24-საათიანი ივენთების დაფუძნების იდეა სწორედ 2017 წლის თებერვალში, ბასიანზე ჩატარებულ ერთ-ერთ ივენთზე წარმოიშვა.

"24/7 ივენთების შექმნის იდეა სწორედ ბასიანის დიდ საცეკვაო მოედანზე წარმოიშვა, როცა DJ Qu-ს პერფორმანსი უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. დილის 11 საათი იყო, თუმცა ხალხი კლუბიდან წასვლას არ აპირებდა", - ნათქვამია Resident Advisor-ის განცხადებაში.

აღნიშნული ივენთები ამ ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მნიშნველოვანი მოვლენა იქნება. ივენთი თბილისში 29 ივნისს გაიმართება.

Resident Advisor 2001 წელს, ავსტრალიაში დაარსდა. ის ასევე წარმოადგენს საკომუნიკაციო პლატფორმას, სადაც მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია ელექტრონული მუსიკის ფესტივალების, კლუბებისა და სხვადასხვა ივენთების შესახებ.