თბილისის 139-ე სკოლის მოსწავლეებისადმი შესაძლო დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა მოკვლევა დაიწყო. როგორც უწყების პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, მათ რამდენიმე განცხადება მიიღეს. მათივე თქმით, მოკვლევის დასრულებამდე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

139-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის, ნინო ხოხობაშვილის მტკიცებით, სკოლის დირექტორი ნათია ფხალაძე დაგვიანებული მოსწავლეების ბიბლიოთეკაში ჩაკეტვას ითხოვდა. ამის შესახებ პედაგოგმა P.S.-ში განაცხადა.

აუდიჩანაწერში, რომელიც ხოხობაშვილმა P.S.-ს მიაწოდა, სავარაუდოდ, ნათია ფხალაძე ითხოვს, რომ პედაგოგებმა სკოლის მოსწვალეები ბიბლიოთეკაში საგაკვეთილო დროის ბოლომდე ჩაკეტონ და საპირფარეშოშიც არ გაუშვან.

პედაგოგის სიტყვებს ადასტურებს სკოლის რამდენიმე მოსწავლეც. მათი თქმით, დირექტორის ბრძანებით, ისინი ბიბლიოთეკაში საგაკვეთილო დროის დასრულებამდე ჰყავდათ ჩაკეტილი.