სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ახალ შემსრულებელს პარლამენტი პირველ მაისს აირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტის უმრავლესობა ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას, ვინაიდან პარლამენტში მმართველი უმრავლესობა კვლავ რესპუბლიკური პარტიას ეკუთვნის.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ მმართველი კოალიცია დატოვა სომხეთის ეროვნული რევოლუციური ფედერაციის სახელით ცნობილმა პარტია დაშნაქტუციუნმა. თანამდებობები თავისი ნებით დატოვეს გარემოს დაცვის, ტერიტორიული მმართველობის, განათლებისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებლებმა. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს შირაქისა და არაგაცოტნის რეგიონის გუბერნატორებმა.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს ამ დროისთვის ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: დაინიშნოს პრემიერ-მინისტრის ახალი მოვალეობის შემსრულებელი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამავდროულად, საპროტესტო ტალღა პრემიერ-მინიტრის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე მხოლოდ პაშინიანის კანდიდატურას განიხილავს.

გუშინ, 25 აპრილს ნიკოლ პაშინიანისა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა პირობების ვერ შეთანხმების გამო შეხვედრა ჩაიშალა.

23 აპრილს, სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ, საპროტესტო აქციები სომხეთში მხოლოდ ერთი დღით შეჩერდა. 24 აპრილს სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა მოსახსენიებელი, გლოვის დღეა. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა ერევნის მთავარ მოედანზე საპროტესტო გამოსვლები განაახლა.

ამავე თემაზე: