უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის ბოლოს, ციმბირში ხალხის გარკვეულმა ჯგუფმა მოჭრა ხე და მისგან უზარმაზარი ადამიანისმაგვარი ფიგურა გამოთალა. დღემდე უცნობია, რა ფუნქციას ასრულებდა ეს ქანდაკება, თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხის კერპი გიზას დიდ პირამიდაზე ორჯერ ძველია.

ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, უახლესი კვლევა გვიჩვენებს, არა მხოლოდ იმას, თუ როდინდელია ეს კერპი, არამედ შეიძლება იმის გაგებაშიც დაგვეხმაროს, თუ რისთვის გამოიყენებოდა იგი.

კერპი თავდაპირველად 1894 წელს აღმოაჩინეს, ის შიგირის ჭაობში, ტორფის ქვეშ, 4 მეტრის სიღრმეზე იყო დამარხული. ის ნაწილ-ნაწილ აღმოაჩინეს და ცხადია, რომ კერპის ყველა ნაწილი ვერ გადაურჩა დროის ასეთ ხანგრძლივ პერიოდს. 1914 წელს, აღმოჩენილი ნაწილების გაერთიანების შემდეგ გაირკვა, რომ კერპი 5.3 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

აღმოჩენიდან ასი წლის შემდეგ ტექნოლოგიურმა განვითარებამ მკვლევარებს როგორც იქნა ხელოვნების ამ ნიმუშის დათარიღების საშუალება მისცა. კერპის ორი ნაწილის რადიონახშირბადოვანი ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ხის ნაკეთობა 9,800 წლისაა. ეს აღმოჩენა ბევრმა აკადემიკოსმა უგულებელყო, ვინაიდან ხის ასეთი ასაკოვანი ნივთის არსებობა შეუძლებლად მიიჩნეოდა.

იმ დროისთვის რადიონახშირბადოვანი ანალიზი "მოუქნელი" და არც ისე ზუსტი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ანალიზი შიგირის კერპის მხოლოდ ორ ნაწილს ჩაუტარდა, მკვლევარებს სურდათ, თავიდან ეცადათ მისი დათარიღება. მაქსიმალურად ზუსტი პასუხისათვის, მათ ხეს გული ამოაჭრეს და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით აღმოაჩინეს, რომ კერპი ხის მთლიანი მორისგან იყო გამოთლილი დაახლოებით 11,600 წლის წინ. შედარებისათვის, ეს რიცხვი ეგვიპტის პირამიდების ასაკზე ორჯერ დიდია, ხოლო ნაპოვნი კერპი - უძველესი გადარჩენილი (და აღმოჩენილი) ხის ნაკეთობაა.

ეს ნამდვილად წარმოუდგენელი აღმოჩენაა და გამყინვარების პერიოდს გადარჩენილი ადამიანების განვითარებაზე მნიშვნელოვნად გვიცვლის წარმოდგენას. ასევე საინტერესოა, რომ შიგირის კერპი ძალიან ჰგავს თურქეთში აღმოჩენილ ამავე პერიოდის ქანდაკებებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა კერპის შესაქმნელად გამოყენებული მასალაა.

ამ აღმოჩენის წყალობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელოვნების ეს უზარმაზარი, სიმბოლური და სავარაუდოდ რიტუალური ნიმუშები ერთი წარმოშობის არ არიან და მათი შექმნა რამდენიმე განსხვავებულ ადგილას დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში დაიწყო. უცნობია, რამ გამოიწვია შემოქმედებითი ან რელიგიური თავდადების ასეთი გამოვლინება, თუმცა ფაქტია, რომ ეს აღმოჩენა საინტერესო კითხვებს გვიჩენს ჩვენი კულტურისა და რწმენების მიმართ.