თბილისის მერი ვარდების რევოლუციის მოედნისთვის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების ინიციატივას მხარს უჭერს. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძეს იმედი აქვს, რომ ამ ინიციატივას საზოგადოებაც მხარს დაუჭერს:

"თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით".

მისი თქმით, ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ინიციატივის შესახებ დღეს, 2 მაისს საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.