კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში, დეველოპერებისთვის გამართულ კონფერენციაზე, ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ 2018 წელი მისი კომპანიისთვის გამოწვევების წელი იქნება.

მრავალ სიახლეს შორის, რომელსაც ფეისბუქი გეგმავს, გაცნობის სერვისის გაშვებაც იქნება, რომელიც, ცუკერბერგის თქმით, მარტოხელებს მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარება.

"ფეისბუქზე დარეგისტრირებულ 200 მილიონ ადამიანს აღნიშნული აქვს, რომ მარტოა. თუ გვსურს, რომ ადამიანებს სერიოზული და მნიშვნელოვანი ურთიერთობების დაწყებაში დავეხმაროთ, მაშინ ეს ამისთვის საუკეთესო გზაა", - უთხრა ცუკერბერგმა აუდიტორიას.

მისი სიტყვებით, სერვისი უფრო მეტად "სერიოზული ურთიერთობის" დაწყების მსურველებს დაეხმარება და ნაკლებად მათ, ვინც ამ ეტაპზე ახალ ადამიანებს გასართობად ეძებს.

პოტენციური შეყვარებულების მოძებნის პროცესში მომხმარებლები ვერ ნახავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც მათი მეგობრების სიაში არიან.

ცუკერბერგის თქმით, ახალი სერვისის შექმნისას თავიდანვე გაითვალისწინეს მომხმარებლის უსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის დაცულობა.

ცუკერბერგის განცხადების შემდეგ კომპანია Match Group-ის აქციები 22%-ით დაეცა. კომპანია აპლიკაცია Tinder-ის მფლობელია, რომელიც მომხმარებლის ინფორმაციას ფეისბუქიდან იღებს.