ამერიკელი რეპერი კანიე ვესტი ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ტვიტერზე დაბრუნების შემდეგ, მან უამრავი რამ მოასწრო: ფილოსოფიური წიგნისა და ორი ახალი ალბომის დაანონსება, ტრამპისთვის მხარდაჭერის გამოცხადება და მეგობრების განაწყენებაც.

ამჯერად რეპერი კრიტიკის ქარცეცხლში თავისი ახალი განცხადების გამო გაეხვა. მისი სიტყვებით, საუკუნეების განმავლობაში აფროამერიკელების მონობა მათივე არჩევანი იყო.

"როდესაც მონობაზე საუბრობენ და იმაზე, რომ ეს 400 წელი გრძელდებოდა. 400 წელი? მეხუმრებით? ეს უკვე არჩევანია! მათ ჩვენი გონება დაიპყრეს", - თქვა მან TMZ-სთან მიცემულ ინტერვიუში.

მე-17, მე-18 და მე-19 საუკუნეებში აფრიკიდან ამერიკაში შავკანიანები გემებით იძულებით ჩაჰყავდათ და მათ მონებად ჰყიდდნენ.

მოგვიანებით კანიემ თავისი სიტყვები ტვიტერზე "განმარტა":

"უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მონები თავისუფალი ნებით არ ადიოდნენ გემებზე ჯაჭვებით დაბმულნი"

TMZ-ის ვიდეოში კანიე კვლავ საუბრობს ტრამპზე და მას მოიხსენიებს, როგორც "ჩემი ბიჭი". ის მიიჩნევს, რომ აშშ-ს ამდროინდელი პრეზიდენტი რეპერებისთვის ფავორიტი ადამიანია.