შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 2 მაისს, ქავთარაძის ქუჩაზე, პარტია გირჩის ოფისთან ერთი პირის დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის ნარკოტესტირებაზე გადაყვანილია 1978 წელს დაბადებული მირიან სარიშვილი.

უწყების ცნობით, ის ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას.

სარიშვილის დაკავების შემდეგ პოლიციის შენობასთან მისულმა გირჩის წევრებმა ქოთანი მიიტანეს, რომელშიც, როგორც თვითონ ამბობენ, მარიხუანაა დარგული. ცოტა ხნის შემდეგ, შენობიდან გამოსულმა პოლიციელმა ახსნა-განმარტების გარეშე განყოფილებაში შეიყვანა ნიკა ობოლაძე, რომელსაც ხელში ქოთანი ეჭირა. გირჩის წევრები ამბობენ, რომ ობოლაძე ქოთნის გამო დააკავეს, რომელიც ყველას ეკუთვნოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მარიხუანის კულტივირების საქმეზე გირჩის წევრის ნიკა ობოლაძის მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობს.