შინაგან საქმეთა სამიტრომ გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ამაზე ინფორმაციას გირჩი ავრცელებს. ზურა ჯაფარიძე წვრილმან ხულიგნობისთვისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს.

იგივე საქმის წარმოება შსს-მ გუშინ გირჩის სხვა წევრების, ვახტანგ მერგელიშვილისა და იაგო ხვიჩია წინააღმდეგ დაიწყო.

"სხდომა გაიმართება საქალაქო სასამართლოს მე-4 დარბაზში, დრო ჯერჯერობით უცნობია და დამოკიდებულია იმაზე, როდის გამოუშვებენ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს პოლიციის განყოფილებიდან და როდის მოიყვანს პოლიცია გირჩის დამფუძნებლებს დიღმის იზოლატორიდან სასამართლოს შენობაში. გირჩის სამივე წევრი გასამართლდება ერთ სხდომაზე", - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გირჩის წევრებმა პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

უწყების განცხადებით, პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციით, მირიან სარიშვილი ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა.

"საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. გირჩის წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პარტია გირჩის კიდევ ერთი წევრი და ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

შსს-ს ცნობით, ობოლაძე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხებოდა.

გირჩის წევრების დაკითხვა იმით დაიწყო, რომ ქავთარაძის ქუჩაზე, გირჩის ოფისის მახლობლად, სამოქალაქო ფორმით მისულმა შსს-ს თანამშრომლებმა ერთი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად პარტიის წარმომადგენლები პოლიციელებს ბრალდებულის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ.

გირჩის წევრების ცნობით, მათ ფანჯრიდან დაინახეს, რომ პირი ძირს დააწვინეს და ამ ფორმით ცდილობდნენ დაეკავებინათ. მათივე ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გადაეყვანათ ის ნარკოტესტირებაზე.