17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 19 საათზე მთავრობის კანცელარიასთან თანასწორობის მოძრაობის აქცია გაიმართება.

"ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები",- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ლგბტ აქტივისტები აცხადებენ, რომ შეკრების მიზანია ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა თუ დაჯგუფებებს უთხრან, რომ ფუჭია საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა:

"17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლის და სიცოცხლის გარეშე. 2018 წლის 17 მაისს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ: 90-იანი წლებიდან დღემდე, სიძულვილსა და უთანასწორობას ვუყურებთ უკლებლივ ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მის მომაკვდინებელ შედეგებსაც უკლებლივ ყველა ჩვენგანი ვიმკით. სიძულვილით უკვე არაერთხელ ვცადეთ და ბუნებრივია, არაფერი გამოგვივიდა, ნგრევის გარდა. ღრმად გვწამს, რომ ახლა დროა, სოლიდარობით, ერთობლივი შრომითა და ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ საზოგადოებრივი თანაცხოვრება. გავიხსენოთ და ამით დავივიწყოთ ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა".