მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა დაადასტურა, რომ მამამისი ქორწილს აღარ დაესწრება, ყველას, ვინც სამეფო ცერემონიას მოთმინებით ელოდება, ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: ვინ მიიყვანს მეგან მარკლს საკურთხეველთან?

ქორწილამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ეს პატივი პრინცი ჰარის მამას ერგო - მეგანს საკურთხევლამდე პრინცი ჩარლზი მიაცილებს.

ინფორმაცია კენსინგტონის სასახლემ ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

"მის მეგან მარკლმა მის უდიდებულესობას, უელსის პრინცს, სთხოვა, რომ ქორწილის დღეს საკურთხევლამდე მას მიეცილებინა. პრინცი ჩარლზი სიამოვნებით შეუძღვება მეგანს სამეფო ოჯახში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუშინ, პრინცი ჰარის საცოლემ და სამეფო ოჯახის მომავალმა წევრმა, მეგან მარკლმა, დაადასტურა, რომ მისი მამა, ტომას მარკლი, 19 მაისს გამართულ საქორწინო ცერემონიაზე მის გვერდით არ იქნება.

"სამწუხაროდ, მამაჩემი ჩვენს ქორწილს არ დაესწრება. მე მასზე ყოველთვის ვზრუნავდი და იმედი მაქვს, რომ გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერი ექნება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მხარდაჭერისთვის. ჰარის და მე ერთი სული გვაქვს, როდის გაგიზიარებთ ჩვენს განსაკუთრებულ დღეს", - ეწერა მეგანის წერილში.