შრომითი ურთიერთობებისას ან სხვა ნებისმიერ ვითარებაში განხორციელებული სექსუალური შევიწროვება, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდეს.

კანონპროექტით, პასუხისმგებლობა დამძიმდება, თუ შრომითი ურთიერთობების დროს ხდება სექსუალური შევიწროვება ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე პირი ამას განმეორებით ჩაიდენს.

პროექტის ინიციატორმა, რეპუბლიკური პარტიის წევრმა თამარ ხიდაშელმა On.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ კანონპროექტის შედგენის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში იყო, რომლის მიხედვით, სამუშაო ადგილას განხორციელებული სექსუალური შევიწროვება ყველაზე მეტად გავრცელებული ქმედებაა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის კიდევ ერთი მიზეზი გახდა ის, რომ ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პროდიუსერს ბრალი დასდო სექსუალურ შევიწროვებაში.

"ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილება".

თამარ ხიდაშელის თქმით, სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ამ ტიპის დარღვევა უნდა განეკუთნებოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და არ მოხდეს მისი კრიმინალიზაცია.

"ჯარიმების ოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია, საკმაოდ მაღალია და ვფიქრობ, რომ ამას ექნება პრევენციული მნიშვნელობა".

კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, რომ ცალკე გამოიყო სექსუალური შევიწროვება შრომითი უეთიერთობების დროს და ასევე, ზოგადად სექსუალური შევიწროვება. მისი თქმით, ასეთი ტიპის ქმედებები ხშირად ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

დღეს არსებული კანონმდებლობით, გენდერული თანასწორობის კანონის მიხედვით, შრომითი ურთიერთობების დროს დაუშვებელია სექსუალური ხასიათის არასასურველი ფიზიკური ქცევა. მიუხედავად ამისა, თუკი ასეთ შემთხვევა მაინც მოხდება, დაზარალებულს არ აქვს საშუალება, რომ თავისი უფლებები დაიცვას.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირს სექსუალურად ავიწროვებენ შრომითი ურთიერთობისას, პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია დაჯარიმება 500 ლარის ოდენობით. თუ ეს ქმედება განმეორდა, მაშინ ჯარიმა 1 000 ლარამდე გაიზრდება. თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ მაშინ პროექტის ინიციატორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ 2 000-ლარიან ჯარიმას, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უფროსი სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ამას ახორციელებს ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი 2 500 ლარამდე გაიზრდება.

პროექტის ინიციატორის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შსს-ს წარმომადგენელი შეადგენს და გადასცემს რაიონულ საქალაქო სასამართლოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების სახით შესული ინიციატივის ავტორები არიან რესპუბლიკური პარტიის წევრები თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი.