კომპანია აიისას საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 23 მაისის დოკუმენტში საუბარია გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის სტანდარტებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 მაისის დადგენილებით, პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისას დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე 500 ლარით დაჯარიმდა. პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები სასამართლომ მიიჩნია არაეთიკურ რეკლამად. სასამართლოს განმარტებით, რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით, აიისა არღვევდა საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფდა რელიგიურ სიმბოლოებს, ეროვნულ და ისტორიულ საგანძურს, ძეგლებს.

სასამართლომ, ასევე, აუკრძალა ანანია გაჩეჩილაძეს პროდუქტზე განთავსებული გარკვეული რეკლამების გავრცელება-განთავსება და დაავალა გავრცელებული-განთავსებული არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.

სახალხო დამცველის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მსგავს საქმეებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომაზე, რომლის თანახმადაც რეკლამაში რელიგიასთან მჭიდროდ დაკავშირებული გამოსახულებების გამოყენების აკრძალვის ან ამისთვის ჯარიმის დაკისრების მართლზომიერებაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია შემოწმდეს, თუ რამდენად აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოყენებული ამგვარი ღონისძიებები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

"მსგავსი შეფასება არ უნდა ეფუძნებოდეს დეკლარაციულ და ბუნდოვან განცხადებებს, არამედ საფუძვლიანად უნდა დასაბუთდეს", - ნათქვამია დოკუმენტში.

სახალხო დამცველის მითითებით, მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.

სახალხო დამცველმა მიმართა სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილი კრიტერიუმები.

გაიგეთ მეტი: