საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით, აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

დუნდუას განცხადებით, ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.

"აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.

სირიამ რუსეთისგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის, დე-ფაქტო აფხაზეთის და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებგვერდებზეა გამოქვეყნებული. უწყებების განცხადებით, აღიარება დიპლომატიური ურთიერთობების, საელჩოების დონეზე დამყარდება.

სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, სამოქალაქო ომის პერიოდში, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა. პუტინი სირიის ომში კიდევ უფრო აქტიურად მაშინ ჩაერთო, როცა ასადი სამხედრო და ეკონომიკური კუთხით დასუსტდა. რუსული ავია ბომბები ხვდება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს, თავდასხმები ასევე ხორციელდება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის თავისუფალ არმიასა და მშვიდობიან მოქალაქეებს.

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა მანამდე აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუალამ.