შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ, ნათია მეზვრიშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე განაცხადა, რომ საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა:

"ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ფაქტობრივად, ცხედარს წამების კვალი აქვს. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე, გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, დაემატა წამების კვალიფიკაცია".

არჩილ ტატუნაშვილის სხეულის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გუშინ, 5 ივნისს გახდა ცნობილი. ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი ამბობს, რომ სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ტატუნაშვილს 100-მდე დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მისივე თქმით, დაზიანებების ნაწილი სიცოხლის დროინდელია:

"46 დაზიანება გამოწვეულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით".

ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გარდაცვალებიდან 26 დღეში, 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი თითქმის ერთი თვის წინ, 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, ის იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებდა, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ პოზიცია შეცვალა.