რთულია დაიჯერო, მაგრამ ლეგენდად ქცეული სერიალის, სექსი დიდ ქალაქში, გამოსვლიდან უკვე ოცი წელი გავიდა.

უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე მოყოლებული, მსოფლიოს მოდის კანონმდებელი ოთხი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჰყავდა - ქერი, შარლოტა, მირანდა და სამანტა, HBO-ს საკულტო სერიალის სექსი დიდი ქალაქში გმირები.

სერიალი ეკრანზე 1998 წელს გამოვიდა და მაშინვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი პერსონაჟები ამერიკის საყვარელ გმირებად დაასახელეს, ხოლო შოუს, რომელმაც ტაბუ მრავალ თემას ახადა, რევოლუციული და პროვოკაციული უწოდეს. სერიალი ოთხი სრულიად განსხვავებული დაქალის ცხოვრებას გვიყვება, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ. სამი მათგანი 30 წელსაა გადაცილებული, ერთი კი - 40-ს. სარა ჯესიკა პარკერმა, კრისტენ დევისმა, სინტია ნიქსონმა და კიმ კეტრელმა ქალის ოთხი უნივერსალური ტიპი მოირგეს: ბოჰემური ჟურნალისტი ქერი, რომანტიკული და ტრადიციების მოყვარული შარლოტა, საქმიანი მირანდა და სექსუალური სამანტა.

სერიალის ბოლო სერია ეთერში 2004 წლის 22 თებერვალს გავიდა. ოთხი წლის შემდეგ კი მაყურებელს ნიუ-იორკული ოთხეული კვლავ დაუბრუნდა, ამჯერად კინოეკრანებზე. ფილმი გამოსვლის დღიდან გაქირავების ლიდერი გახდა და 400 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.

სექსი დიდ ქალაქში 2 კი, რომელიც 2010 წელს ჩაეშვა კინოგაქირავებაში, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მაგალითად თაიმსის კრიტიკოსი წერდა: "ეს არ არის სექსი დიდ ქალაქში, ეს არის მენოპაუზა უდაბნოში და ოთხი დიდებული პერსონაჟის გაცდენა".

მიუხედავად ბოლო ფილმის მიმართ დაწერილი ცუდი შეფასებებისა, კინომოყვარულები და კრიტიკოსები სულმოუთქმელად ელოდნენ მესამე ნაწილს, გადაღებები დაანონსებულიც იყო თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩაიშალა. თუმცა, ჩაშლას ვინ ჩივის? აღმოჩნდა, რომ მთავარი როლის შემსრულებელ სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტრელს შორის მთელი დრამა იყო გაჩაღებული.

ამ ყველაფრის მიუხედავად შოუს მაყურებლები იმედს არ კარგავენ, რომ დადღება დრო, როდესაც სარა და კიმი შერიგდებიან და ფილმის მესამე ნაწილიც დღის სინათლეს იხილავს. ამის იმედი აქვს თავად შოუს შემქმნელ, დარენ სტარსაც.

"ვფიქრობ, რომ თუ ყველას ექნება დაბრუნების სურვილი, ეს მოხდება და გადავიღებთ მესამე ფილმს. ამ ეტაპზე მიჭირს კონკრეტული პასუხების გაცემა, გარდა იმისა, რომ მზად ვარ მესამე ნაწილი გადავიღო", - ამბობს დარენ სტარი.

გარდა ამისა სტარმა დასძინა, რომ სერიალის გაგრძელებაზეც თანახმაა.

"თუ ძველი მსახიობები თანახმა იქნებიან, მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ შოუს გავაგრძელებ. ამაზე ხშირად მიფიქრია. მშვენიერი იქნება თუ ამაზე ყველა მსახიობი დამთანხმდება", - ამბობს დარენ სტარი.

თუმცა აქ მხოლოდ კიმისა და სარას დრამა არ არის პრობლემა, შეგახსენებთ, რომ მირანდას როლის შემსრულებელი სინტია ნიქსონია ნიუ-იორკის გუბერნატორობისთვის იბრძვის.

თუმცა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. როგორც ქერი ბრედშოუ იტყოდა - ეს ნიუ-იორკია, აქ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.