დიდი შვიდეულის (G7) სამიტის დაწყების წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვებეკში განაცხადა, რომ წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა მოლაპარაკებებში რუსეთიც უნდა დაუშვან. ამის შესახებ ტრამპმა 8 ივნისს, სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

"რუსეთი უნდა იყოს შეხვედრაზე, მისი ნაწილი უნდა იყოს. მოგწონთ ეს თუ არა, და შეიძლება, ეს პოლიტიკურად არაკორექტულია, მაგრამ ჩვენ აქ მსოფლიო უნდა ვმართოთ. ხოლო G7-მ, რომელიც ადრე G8 იყო და რუსეთი გააგდო, ახლა უკან უნდა მიიღოს", - განაცხადა ტრამპმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტე აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებას იზიარებს. მან ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის მოწვევა სამიტის მონაწილე ყველა ქვეყანას წაადგება. მანამდე კონტე აღნიშნავდა, რომ რუსეთს საერთაშორისო სანქციები უნდა მოეხსნას, რათა მოსკოვთან დიალოგი დაიწყოს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა ფოკუსირებულია არა "დიდ რვიანზე", არამედ სხვა ფორუმებზე.

ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ფორუმი 1998 წლიდან იმართება. მონაწილე ქვეყნები იყვნენ აშშ, კანადა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია და საფრანგეთი. ყირიმის ანექსიის გამო კი, 2014 წლის ივნისში G8-ის ქვეყნის ლიდერებმა სოჭში მორიგ სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.

აშშ-ისა და იტალიის პოზიციას არ იზიარებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. პრემიერის განმარტებით, ფორუმში რუსეთის დაბრუნება ჯერ ნაადრევია. საფრანგეთი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი აღნიშნა, რომ G8-ში დასაბრუნებლად რუსეთს პირობები არ შეუსრულებია.