პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია აიისასთან მოგებული სასამართლოს შემდეგ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-ქართული იდეა ამჯერად მერიას უჩივის. "უხამსი და ამორალური რეკლამა" - ამ მიზეზით ქართულმა იდეამ მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა.

ქართულ იდეაში აცხადებენ, რომ ბარათაშვილის ხიდზე დახატული სტენსილები არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს. გარდა ამისა, აპროტესტებენ იმ ფაქტსაც, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო ქუჩის ხელოვნების ფესტივალის დახურვას და ნახატები შეაქო.

ქართული იდეა მოითხოვს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ხსენებული ნახატები წაშალოს და ავტორები გააფრთხილოს ადმინისტრაციული წესით - "შემდგომში გამოიჩინოთ მეტი ყურადღება."

ფოტო: ქართული იდეა

აისისას სასამართლოში ქართული იდეის განცხადების საფუძველზე თბილისის მერიამ უჩივლა. მერიაში მიიჩნიეს, რომ პრეზერვატივ აიისას არასათანადო და არაეთიკური რეკლამა აქვს.

თბილისის სასამართლომ აიისას არაეთიკურობა დაუდგინა და 500 ლარით დააჯარიმა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

გაიგეთ მეტი:

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი სათაური - ქართული იდეა, რომელმაც აიისას სასამართლო მოუგო, ამჯერად უხამსი რეკლამისათვის მერიას უჩივის - შეიცვალა უზუსტობის გამო. ქართულმა იდეამ მერიას მიმართა, რის საფუძველზეც მერიამ უჩივლა აიისას.