საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სააკაშვილი წარდგენილ ყველა ეპიზოდში ყველა მუხლში ცნო დამნაშავედ:

"საქმეში იყო არაერთი მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა სააკაშვილის ბრალეულობაზე. მათ შორის იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ჩვენებაც. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა დაუდასტურა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ვალერი გელაშვილის ცემა შეურაცხმყოფელი სტატიის გამო განხორციელდა."

ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე სასჯელს იხდის საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც.

საქართველოს ექსპრეზიდენტს ამ საქმის გარდა 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სანდრო გირგვლიანის საქმეზეც.

ვალერი გელაშვილის საქმე - პროკურატურის ვერსია

პროკურატურის მტკიცებით, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ რეზონანსშივალერი გელაშვილის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც ის იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, სააკაშვილმა მერაბიშვილს სტატიის ავტორის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა.

უწყებაში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილმა მიღებული დავალება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის, ერეკლე კოდუას დახმარებით შეასრულა.

"გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა - 10 ათასი დოლარი და 50 ათას ლარად ღირებული ბეჭედი. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ივანე მერაბიშვილის მსგავსი განაჩენით დამნაშავედ იქნენ ცნობილი სოდ-ის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძე. თითოეულს თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლით მიუსაჯეს. მათვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.