სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოფო კილაძეს ჯაშუშობასა და თვალთვალში ადანაშაულებს. კუპრავას თქმით, მას შეაქვს განცხადება პროკურატურაში, რათა გაიგოს, თუ საიდან იცოდა კილაძემ, რომ ის საზღვარგარეთ იყო.

საზღვარგარეთ ყოფნასთან დაკავშირებით კითხვები, კილაძემ კუპრავას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მას გამოკითხვის დროს დაუსვა.

"პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის პირები, ვინც ჯაშუშურად თვალთვალს ახორციელებდა ჩემზე. ეს ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სოფო კილაძეს სცოდნოდა", - ამბობს კუპრავა.

სოფო კილაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ ინფომაცია, რომელზეც მას კუპრავა ედავება, არის აბსოლუტურად საჯარო.

"დაახლოებით, ივნისის დასაწყისში, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ეს ყველაფერი რაზეც მე ვისაუბრე და რაზეც კითხვები დავუსვი კუპრავას, არის აღბეჭდილი. ის, რომ უდესიანის ვაჟმა მას გადასცა ფული, მე არსად არ მითქვამს, თუმცა ის ჩადგა თავის მართლების რეჟიმში და თქვა, რომ მას ფული არ აუღია უდესიანის ვაჟისგან", - განაცხადა კილაძემ.