რუსეთის ქალაქ სამარაში, მოქალაქეებს წყლის დაზოგვის მიზნით ერთად ბანაობას სთხოვენ.

მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატი და ამ პერიოდში გაზრდილი წყლის მოხმარებაა.

"დაზოგეთ წყალი, მიიღეთ შხაპი ერთად", - წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სამარას მუნიციპალური სისტემების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით დეპარტამენტმა განმარტა, რომ განცხადებას იუმორისტული შინაარსი ჰქონდა.

ერთი თვის წინ ქალაქ კუნგურის მაცხოვრებლებმა წყალმომარაგების კომპანიისგან განახლებული ქვითრები მიიღეს, რომლებშიც "წვიმის გადასახადი" იყო მითითებული. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საუბარი არა წვიმის წყალზე, არამედ კანალიზაციაზე იყო.