ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ, რომელიც პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს თქვა, რომ მას მინისტრობა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ შესთავაზა, მოგვიანებით კი ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. როგორც ქობულია განმარტავს, ივანიშვილთან შეხვედრისას მათი ძირითადი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა:

"მე წინადადება გამიკეთა მამუკა ბახტაძემ. არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მყავდა ნანახი. მას სმენია ჩემს შესახებ, გაიკითხეს-გამოიკითხეს და გადაწყვიტეს. მე დავინტერესდი. მე მაქვს პრიორიტეტი და ყოველთვის მინდოდა საქართველოში დაბრუნება. ეს დიდი გამოწვევა და დიდი ინტერესია. ამის შემდეგ მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, რადგან იგი არის პარტიის ლიდერი. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა, რამდენად ემთხვევა ჩემი და მისი ხედვა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, ალბათ ბოლო სამი კვირის განმავლობაში შევხვდი და განვიხილეთ ეს საკითხები. დაემთხვა უმეტესწილად პრინციპები. ჩვენ ხომ არ ვილაპარაკებდით საშუალო და მცირე ბიზნესზე, პრინციპები დაემთხვა, რომ არ გავაკეთებთ იმას, რაც ჩემთვის არის მიუღებელი".

გიორგი ქობულიას განმარტებით, რუსეთში ცხოვრებისას, მისი ცენტრი მოსკოვში იყო და ემსახურებოდა აღმოსავლეთ ევროპასა, მუშაობდა მსოფლიოს მასშტაბით, სინგაპურში, სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში:

"გარდა ამ ჩემი ძირითადი საქმიანობის, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ეკონომიკის პოლიტიკით და ეკონომიკის ზრდით. საქართველოს მტავრობასაც ვეხმარებოდი და ჩამოვდიოდი. თვეში 3-4 დღე თბილისში ვიყავი. ემიგრაციაში არასდროს ვყოფილვარ".

რა ვიცით გიორგი ქობულიაზე

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის მოსკოვის ბიუროში 2001 წლიდან მუშაობდა. ის უფროსი პარტნიორი თანამდებობას იკავებდა.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქობულია McKinsey-ში რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ნავთობისა და გაზის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამ მიმართულებით ქობულია კონსულტაციებს უწევდა კომპანიებს სტრატეგიის დაგეგმვაში, კაპიტალის დაბანდების ეფექტურობის გაზრდაში და სხვა.

McKinsey & Company-მდე ქობულია ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია Merck Sharp & Dohme-ის რუსეთის ფილიალში მუშაობდა.

გიორგი ქობულიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მკურნალის სპეციალობით. მაგისტრის ხარისხი კი აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიიღო.