კომპანია Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მას შემდეგ, რაც პედოფილი უწოდა იმ ბრიტანელ მყვინთავს, რომელმაც ტაილანდის გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, რამდენიმეკვირიანი "ტყვეობის" შემდეგ 12 ბიჭი და მათი მწვრთნელი მღვიმიდან გამოიყვანეს.

ოპერაციაში მონაწილეობა უნდოდა ილონ მასკს და მან მყვინთავებს თავისი წყალქვეშა ნავიც შესთავაზა, თუმცა ის არ მიიღეს, რადგან ოპერაციაში მონაწილეთა თქმით, ნავი არ გამოადგებოდათ.

ბრიტანელმა მყვინთავმა, ვერნ ანსვორზიმ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მასკის შეთავაზება უბრალოდ მისივე პიარკამპანიის ნაწილი იყო:

"მას გამოქვაბულის კონცეფციაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მისი გეგმა არ იმუშავებდა, რადგან მისი ნავი წყალქვეშა გვირაბებში ვერ გაეტეოდა".

ამის მიუხედავად, მასკი ოპერაციის ადგილზე მივიდა, თუმცა მას ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.

"მასკს შეუძლია თავისი ნავი იქ გაიკეთოს, სადაც მტკივნეულია", - თქვა მოგვიანებით ბრიტანელმა მყვინთავმა.

სწორედ ამას მოყვა მასკის კომენტარი. მან თქვა, რომ გამოაქვეყნებდა ვიდეოს, რომელშიც დაამტკიცებდა თავისი ნავის წარმატებას. ტვიტის ბოლოს კი დასძინა:

"ბოდიში პედოფილო, შენ თვითონ მაიძულე ამის გაკეთება".

მოგვიანებით მასკმა თავისი ტვიტი წაშალა, თუმცა, გარდიანის ცნობით, 63 წლის მყვინთავი ილონ მასკისთვის ჩივილს აპირებს.

"მან მე პედოფილი მიწოდა, იცით ეს რასაც ნიშნავს. ყველამ დაინახა, როგორი ადამიანია მასკი", - თქვა ვერნ ანსვორზიმ.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა სასამართლოსთვის მიმართვას, მყვინთავი ჟურნალისტებს დაეთანხმა და დასძინა, რომ "საქმე ჯერ დასრულებული არ იყო".