რამდენიმე კვირაში NASA ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტს გაუშვებს. მისი ხომალდი Parker Solar Probe მზესთან იმაზე ახლოს მივა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხომალდი ოდესმე მისულა.

ხომალდი ყველაზე ახლო ორბიტზე ყოფნის დროს მზეს ექვსი მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება. ამ რეგიონში ტემპერატურა რამდენიმე მილიონ გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. ხომალდს მზის სხივებისგან დამცავი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ფარი გააჩნია.

NASA-ს თქმით, იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ ახერხებს ხომალდი ასეთ პირობებში გადარჩენას, უნდა გავიაზროთ განსხვავება ტემპერატურასა და სითბოს შორის. ტემპერატურა ზომავს იმას, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობენ ნაწილაკები. სითბო კი ზომავს თუ რა ენერგიას ატარებს ესა თუ ის ნაწილაკი. კოსმოსში ჩვენ შესაძლოა გვქონდეს ნაწილაკები, რომლებიც ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ სითბო არ გადააქვთ, რადგან ნაწილაკებს შორის მანძილი დიდია.

რეგიონს, სადაც ნასას ხომალდი იქნება, ძალიან დიდი ტემპერატურა გააჩნია, მაგრამ ძალიან დაბალი სიმკვრივე. "წარმოიდგინეთ განსხვავება ხელის ღუმელში შეყოფასა და ადუღებულ წყალში ჩაყოფას შორის. ღუმელში უფრო დიდი ხნით შეძლებთ ხელი მაღალ ტემპერატურაზე გააჩეროთ, ვიდრე წყალში, რომელშიც მას უფრო ბევრ ნაწილაკთან მოუწევს შეხება, რადგან სითხე უფრო მკვრივია," ამბობს მეცნიერი სიუზან დარლინგი.

ეს ნიშნავს იმას, რომ თერმული ფარი, რომელიც ხომალდის სხვადასხვა კომპონენტებს დაიცავს მხოლოდ 1,500 გრადუსამდე გაცხელდება. თერმული ფარი შედგება ორი ფენა ნახშირბადის კომპოზიტური მასალისგან, რომელთა შორის ნახშირბადის ქაფია მოქცეული. ხომალდის ის მხარე, რომელსაც მზის სხივები მოხვდება, თეთრად არის შეღებილი, რომ მან რაც შეიძლება მეტი რადიაცია აირეკლოს.

სითბური ფარის დიამეტრი დაახლოებით 2.5 მეტრია. გასაოცარია, მაგრამ დამცავი ფარის უკან ტემპერატურა 30 გრადუს ცელსიუსს არ გადააჭარბებს.

ხომალდის ის კომპონენტები კი, რომლის მუშაობაც დამცავი ფარის გარეთ არის საჭირო, სპეციალური მასალებისგანაა დამზადებული. ელექტრული სადენები ნიობიუმის შეიცავს, რომლის ლღობის ტემპერატურაც 2500 ცელსიუსია. მზის პანელები კი ვოლფრამისგან არის დამზადებული, რომლის ლღობის ტემპერატურაც მეტალებს შორის ყველაზე მაღალი, 3500 ცელსიუსია. მთელ ხომალდს კი მაღალი წნევის ქვეშ მყოფი დეიონიზირებული წყალი გააგრილებს.

ხომალდის გაშვება 2018 წლის 4 აგვისტოსაა დაგეგმილი.