საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ახობაძის საჩივარი და მიიჩნია, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენის განმხილველ საქმეებში მის ყოფილ სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირი არ უნდა ყოფილიყო ჩართული. როგორც ახობაძემ On.ge-ს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

უზენაეს სასამართლოში აცხადებენ, რომ ახობაძის საჩივარი თანამდებობაზე აღდგენის საქმეზე დაკმაყოფილდა.

"თეა წულუკიანს უზენაეს სასამართლოში მეორე წრეზე მოვუგე", - აცხადებს ახობაძე.

სასამართლოში ახობაძის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლების საკითხს შეეხებოდა. მანამდე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომლითაც დანაშაულის პრევენციის ცენტრს ახობაძის თანამდებობაზე აღდგენა დაევალა. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა დანაშაულის პრევენციის ცენტში ახობაძის ყოფილ სამუშაო ადგილზე დასაქმებულმა პირმა და მისი საქმეში არ ჩართვა გაასაჩივრა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრში On.ge-ს კი განუცხადეს, რომ არ არიან ინფორმირებული ბარიამია-ახობაძის კერძო დავის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მათივე განმარტებით, დავას აწარმოებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ბორის ბარამია თამაზ ახობაძის წინააღმდეგ, რადგან ის მუშაობს იმ ადგილას, სადაც ახობაძე ითხოვს აღდგენას.

განახლება: მასალაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. თავდაპირველად, უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ეს საქმე დაუშვებლად იქნა ცნობილი, მოგვიანებით კი აღნიშნეს, რომ სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით მათ არ უმსჯელიათ. უზენაესმა სასამართლომ ახობაძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია 21:35 საათზე დაადასტურა. ბოლო ცვლილება მასალაში სწორედ ამ დროს შევიდა.