ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიების ფარგლებში ქართულ ხის გადამამუშავებელ საამქროსთან ერთად, უცხოურ კომპანიებსაც შეამოწმებს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დანიშნულია ორი უცხოური კომპანიის (ჩინური და ირანული) შემოწმება, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სფერო ხის გადამუშავება-რეალიზაციაა.

"დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

ფინანსთა სამინისტროში ამობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

გუშინ, 26 ივლისს ხაიშსა და ჭუბერში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდა. უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ოპერაციაში სპეციალური დანიშნულების რაზმის ჩართვა გახდა საჭირო. სწორედ სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენას მოყვა დაპირისპირებაც. ჭუბერისა და ხაიშის მაცხოვრებლებმა რაზმს სახლების ჩხრეკის უფლება არ მისცეს და ხელკეტები და ქვები დაუშინეს.