ქართული ოცნების ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის თქმით, სასამართლოში პარტიიდან გარიცხვას არ გაასაჩივრებს, თუმცა იურისტებთან კონსულტაციის გავლას აპირებს. ჭიჭინაძის თქმითვე, მან ეს გადაწყვეტილება გაგებისთანავე მედიის საშუალებით გაასაჩივრა.

"მაგას გავივლით იურისტებთან და ის სხვა ეტაპია, ზოგადად, რომ კონსტიტუციის დარღვევა არ ხდებოდეს. ნებისმიერმა დეპუტატმა, თუ ხედავს რომ კონსტიტუცია ირღრვევა, უნდა გაასაჩირვოს", - განაცხადა დეპუტატმა On.ge-სთან საუბრისას.

როგორც ჭიჭინაძემ იმედთან საუბრისას თქვა, მისი, როგორც მოქალაქის უფლება დაირღვა, როცა მასთან შეუთანხმებლად მიიღეს გადაწყვეტილება.

"ადამიანს სამსახურიდან რომ ათავისუფლებენ, იბარებენ, ეუბნებიან რომ გათავისუფლებული ხარო, ეუბნებიან მიზეზს, აწერენ ხელს განცხადებას და მერე იმ ადამიანს აქვს უფლება, გაასაჩივროს ეს სასამართლოში", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

საჯარო განცხადებების გამო ქართული ოცნების სამდივნოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭიჭინაძემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებდა.

"თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ", - თქვა ჭიჭინაძემ.