აშშ-სთან შეთანხმების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეაში შესაძლოა ახალ ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობენ, წერს Washington Post ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით.

იმ ფოტოების მიხედვით, რომელიც დაზვერვამ სატელიტით გადაიღო, ფხენიანთან ახლოს განთავსებულ კომპლექსში ჩრდილოეთ კორეა ერთ ან ორ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას ამზადებს.

ფოტო: Reuters

როგორც Washington Post-ს წყარომ უთხრა, წარმოება იმავე ქარხანაში მიმდინარეობს, სადაც ადრე რაკეტებს უკვე ამზადებდნენ. Reuters ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერ უცნობია რამდენად შორსაა წასული წარმოება.

ივნისში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ისტორიული შეხვედრის ფარგლებში ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპმა წინა კვირას განაცხადა, რომ კმაყოფილია პროგრესით და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე ცხრა თვეა ბირთვულ ცდებს აღარ ატარებს.

ისტორიული შეხვედრიდან ათ დღეში ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას სანქციები გაუხანგრძლივა. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა ისევ უქმნის საფრთხეს ამერიკის უსაფრთხოებას და სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდებოდა თუ კიმ ჩენ ინი ბირთვული განიარაღების პირობას შეასრულებდა.