სასულიერო პირები მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ ქართველ ერს ბოდიში უნდა მოუხადოს. დეკანოზ დავით ნოზაძის თქმით, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალონ, ბოდიში მოიხადონ და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ერს მიანდონ.

"საერთოდ, მნიშვნელოვან საკითხებს უნდა წყვეტდეს მთელი ერი. რეფერენდუმი ხომ არსებობს. მოდი, ვკითხოთ მთელ ჩვენს მოსახლეობას, რა ურჩევნია - იყოს ნებადართული თუ არ იყოს ნებადართული", - განაცხადა დეკანოზმა პრესკონფერენციაზე.

იმავე აზრზეა დეკანოზი დავით ქვლივიძეც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულია.

"ამით ფაქტიურად მოხდება ერის განადგურება, ეს არის გენოციდი", - ამბობს დეკანოზი.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე. შესაბამისად, შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადია.

კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე გუშინ, 31 ივლისს იმედთან თქვა, რომ ეს ერის ღალატია. ინტერვიუში დეკანოზმა აღნიშნა, რომ ამის გამო საერთოდ გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო და აპირებენ, რომ ამ საკითხზე რეკომენდაციით მიმართონ მთავრობას.